ევა კარნეირომ “ჩელსიში” დაბრუნება იუარა და სასამართლოში ჩივის
“დეილი მეილის” ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ექიმმა ევა კარნეირომ გადაწყვიტა, რომ კლუბში არ დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის I ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს “პენსიონერთა” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები მსაჯის ნებართვის შემდეგ ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა. მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ აზარი მოედანზე არა დაზიანების, არამედ დაღლილობის გამო იწვა. ტიბო კურტუას გაძევების გამო “ჩელსი” ათი კაცით თამაშობდა და აზარის მოედნიდან გასვლის შემდეგ ლონდონელები მინდორზე ცხრანი დარჩნენ.
ამ ფაქტის შემდეგ ევა კარნეიროს “ჩელსიში” ფუნქციების შესრულება დროებით შეუჩერდა.
მოგვიანებით კარნეიროსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ექიმს მუშაობის გაგრძელების ნება დართეს, თუმცა იგი საქმის გაგრძელებას არა მოედანზე, არამედ სასამართლოში აპირებს.
ქომაგების ნაწილმა, ფეხბურთში მოღვაწე ექიმთა ასოციაციამ და ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ღიად დაუჭირეს მხარი ევა კარნეიროს, რისთვისაც მედიკოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით მათ მადლობა გადაუხადა.