ანტონ ფეიქრიშვილი: მოედანზე 200 პროცენტით დავიხარჯეთ
ოლ ბლექსთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ანტონ ფეიქრიშვილმა აღნიშნა, რომ მთელი გუნდი 200%–ით დაიხარჯა.
– ეს ოლ ბლექსი იყო და ყველამ ვიცოდით, რომ მათი დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ თამაშამდე შევთანხმდით, რომ მიუხედავად მსოფლიოს ფავორიტი მეტოქისა ჩვენს საქმეს 200%ზე გავაკეთებდით. ყველას ერთი მიზანი გვქონდა… მატჩში ჩვენი მხარე ღირსეულად დაგვეცვა. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ერთად ეს მაინც შევძელით. დარწმუნებული ვარ ნამიბიელები ამ მატჩს ბევრჯერ ნახავენ კვირის განმავლობაში. ჩვენ ძალიან საშიში გუნდი ვართ და არავის უნდა დაავიწყდეს გუშინდელი მატჩი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგი მატჩისთვის შეტევა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. დაცვა და ბოჭვა თამაშის მოსაგებად საკმარისი არ არის. ბურთი მეტად უნდა ვათამაშოთ, რაც ზელანდიელების წინააღმდეგ შეუძლებელი იყო, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.