მემორანდუმი ქართულ და ბერძნულ ოლიმპიურ კლუბებს შორის
ქართულ და ბერძნულ ოლიმპიურ კლუბებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ქართული მხარე სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამ კლუბის დამფუძნებელმა, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა წარადგინა.
მემორანდუმის გაფორმება ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას, პატივისცემას, ერთიანი ღონისძებების დაგეგმვას და ქართველ და ბერძენ სპორტსმენთა ურთიერთობის გაღრმავებას, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის, ოლიმპიური პრინციპების გაძლიერებას, დანერგვას.
შეხვედრა საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, ასევე, საბერძნეთში საქართველოს საპატიო ელჩი იოსებ ნანობაშვილი, გამორჩეული ოლიმპიელები, ჟურნალისტები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კახი კახიაშვილმა და ბერძნული ოლიმპიური კლუბის პრეზიდენტმა, ვულა კოზომპოლიმ.
– პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ მომხდარით. გახლავართ ორივე, ქართული და ოლიმპიური კლუბების წევრი. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის სპორტულ, კულტურულ და პოლიტიკურ სფეროში. ეს ჩვენს ქვეყნებს უფრო დაამეგორბებს და ახალ დონეზე გაიყვანს ამ ურთიერთობას, – განაცხადა კახიაშვილმა.