სტუმარი ბარსი ფინალშია და მეტოქეს ელოდება
დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპი ბოლოსკენ მიიწევს, თუმცა ერთი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ეს ყაზახური ბარსია, რომელმაც თბილისის დინამო დაძაბულ მატჩში დაამარცხა (84:76).
დინამოელებმა თავის თავს უნდა დააბრალონ, რომ ფინალის მიღმა დარჩნენ. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა პირველი ტაიმი 42:36 მოიგო, ხოლო მესამე პერიოდის მე-5 წუთისთვის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა – 56:39.
როგორც ჩანს, დინამოელებმა ჩათვალეს, რომ თამაში მოგებული იყო, ყაზახებმა კი ბოლომდე იბრძოლეს. მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დინამო 7 ქულით (69:61) იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში 7:23 წააგო და მატჩიც ზედ მიაყოლა.
მანამდე ერთი უინტერესო მატჩი იყო: მგზავრებმა სოხუმს იოლად მოუგეს. ბუბა ბერიშვილის გუნდმა საბოლოოდ 30 ქულის სხვაობით გაიმარჯვა – 89:59.
მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში ქუთაისი და აკადემია დაუპირისპირდნენ. იმერლები ამ სეზონში მნიშვნელოვნად სახეცვლილი და გადახალისებული გუნდია. გუნდს სათავეში ჩაუდგა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი კოტე ტუღუში და დაემატა ჩვენი პირველობისთვის რამდენიმე ძლიერი ძლიერი კალათბურთელი – გოგა ცეკვავა, რიჩარდ მათიაშვილი, თეიმურაზ ბაბუნაშვილი, ბექა წივწივაძე.
აკადემია ახალგაზრდული შემართებით ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა იმერულ კლუბს და პირველ მეოთხედში უმეტესად იგებდა. თუმცა, მეორე ათწუთეულში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ქუთაისელებმა გიორგი ბარბაქაძისა და ზაურ ფაშაევის სამქულიანებით 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე მშვიდად გავიდნენ.
მეორე ტაიმში აკადემია გაცილებით ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ქუთაისთან ვერაფერს გახდა და 85:105 წააგო.
ქუთაისი ბოლო ტურში ოლიმპს ეთამაშება და 10 ქულით წაგების უფლებაც აქვს რათა ფინალში გავიდეს, სადაც ყაზახურ ბარსის შეუერთდება.
4 ოქტომბერს ახალ სპორტის სასახლეში თამაშები 15:00 საათიდან დაიწყება.