ნანა ძაგნიძის მარცხიანი სტარტი
წარუმატებლად დაიწყო მონაკოში მიმდინარე გრან პრი ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ, რომელიც პირველ ტურში შავებით ნატალია ჟუკოვას დაუზავდა, ხოლო დღეს თეთრებით წააგო მარია მუზიჩუკთან და 0,5 ქულით 9–12 ადგილებს იყოფს.
ლიდერი სწორედ მარია მუზიჩუკია, რომელსაც 2 მოგება აქვს. 1,5–1,5 ქულა აქვს კონერუ ჰუმპისა და ნატალია პოგონინას. კიდევ 5 მოჭადრაკეს 1–1 ქულა გააჩნია.
გეტყვით რომ, მსოფლიო ქალთა გრან პრის ტურნირები ევრაზიის შემდეგ ქალაქებში გაიმართება:
1.მონტე კარლო (მონაკო); 2.კიში (ირანი); 3.თბილისი (საქართველო); 4. ჩენგდუ (ჩინეთი);
გრან პრის ეტაპებში მონაწილეობენ: მსოფლიოს ექსჩემპიონი და საჭადრაკო რეიტინგ-სიის ლიდერი, ჰოუ იფანი (2671) და ცზიუ ვენძინი (2542; ორივე ჩინეთი), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი (2528), მისი და ანა მუზიჩუკი (2549; ორივე უკრაინა), ორი ინდოელი: კონერუ ჰუმპი (2585; მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი) და ჰარიკა დრონოვალი (2509). 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ნატალია პოგონინა (2460), ევროპის ორგზის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (2531, ორივე რუსეთი), ევროპის ორგზის ჩემპიონი პია კრამლინგი (2512, შვედეთი)და ქართული ჭადრაკის ლიდერი, მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-3 ნომერი, ნანა ძაგნიძე (2573).
მსოფლიოს ექსჩემპიონები: ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2526) და ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი;2500).
მასპინძელ ქვეყანათა ნომინანტები:ნინო ბაციაშვილი (საქართველო;2500), ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი; 2441), სარასადატ ხადემალშარეხი (ირანი; 2397)
თითოეული მონაწილე ოთხიდან სამ ეტაპში ითამაშებს. მოჭადრაკეები თავად ირჩევენ მონაწილეობის ადგილს, მაგრამ ფიდეს კორექტივების შეტანა შეუძლია.
მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიდე იმის უფლებასაც იტოვებს, ასპარეზობის ადგილი და თარიღი შეცვალოს.
გრან პრის 3 ეტაპის ჯამში გამარჯვებული 2016 წლის შემოდგომაზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან გამართავს მატჩს პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის წოდებისათვის.