დუდუ დადიანის თასი ყაზახეთის ქალაქ ატირაუში წავიდა
ბარსი – ქუთაისი 78:74
(25-18, 14-20, 25-16, 14-20)
დუდუ დადიანის მემორიალი წელს პირველად იყო საერთაშორისო და სტუმრებმა წაიღეს. ბარსი თბილისურ ტურნირში ბალტიის ლიგისთვის მოსამზადებლად ჩამოვიდა. თბილისს მართლაც კარგი გუნდი ესტუმრა და თასიც ღირსეულად წაიღო. ყაზახური გუნდი მთელი თამაში გამართულად თამაშობდა, ქუთაისელები კი პერიოდული აფეთქებებით ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა წინ გასაჭრელად ინერცია არ ჰყოფნიდათ. ეს ინერცია მათ არ ეყოთ ბოლო წამებზე…
ყაზახები 3 ამერიკელი ლეგიონერით იყვნენ გაძლიერებულნი, რომლებიც სტაბილურად თამაშობდნენ, ხოლო ლიდერი ადგილობრივი პაველ მიხეევი იყო, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ 26 ქულა დააგროვა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.
ყაზახებმა პირველი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს, მაგრამ მეორეში საქმე ისე წავიდა, რომ შანსი იმერლებსაც გაუჩნდათ, რადგან მხოლოდ ქულით აგებდნენ. კოტე ტუღუშის შეგირდებმა მესამე მეოთხედი ჩააგდეს და ისევ სოლიდურად ჩამორჩნენ, მაგრამ…
მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე, როცა ქუთაისი 72:74 ჩამორჩებოდა, ზაურ ფაშაევმა ყაზახებისთვის საქმის მოთავება ერთი სროლით მოინდომა და ნაცვლად იმისა, რომ ფარქვეშ შესულიყო და ანგარიში გაეთანაბრებინა, პერიმეტრზე აიწია და სამქულიანი ესროლა. სამწუხაროდ, ბურთი კალათში არ ჩაეშვა და მატჩის ბედიც გაირკვა _ 78:74.
როგორც გითხარით, საუკეთესო მოთამაშის პრიზი პაველ მიხეევმა დაისაკუთრა, ხოლო ატირაუელთა კაპიტან კადირზან გუბაშევმა საჩემპიონო თასი ჩაიბარა. გამარჯვებულები დუდუ დადიანის ძმისშვილებმა _ სანდრო და ნიტა დადიანებმა დააჯილდოვეს.