ლიპარტელიანი და სტამი – საფრანგეთში ორი ქართველით
ხვალ პარიზში იწყება მსოფლიოს ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირი ძიუდოში _ პარიზის გრან სლემი.
საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიოს უძლიერეს ძიუდოისტებს უყრის თავს და ყოველწლიურ შეჯიბრებებში თავისი მნიშვნელობით და პრესტიჟულობით მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატსა და მასტერსს ჩამორჩება.
სამწუხაროდ, ამჯრად ქართველები მცირე რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილნი: ქალებში ეთერ სტამი გამოვა (70კგ), ხოლო კაცებში _ ვარლამ ლიპარტელიანი (90).
გეტყვით რომ, ლიპარტელიანი ამ ტურნირის 2013 წლის გამარჯვებული და 2014 წლის ფინალისტია.
ტურნირის საპრიზო ფონდი 154.000 აშშ დოლარია.
ამ შეჯიბრების პრესტიჟულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო რბოლაში წლევანდელი პარიზის გრან სლემზე მოპოვებული ქულების 100% ჩაითვლება (სხვა ტურნირებზე სპორტსმენებს მოპოვებული ქულების 50% ეთვლებათ).
ქულები და საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდება:
პირველი ადგილი: 500 სარეიტინგო ქულა და 5.000 დოლარი;
მეორე ადგილი: 300 სარეიტინგო ქულა და 3.000 დოლარი;
მესამე ადგილი: 200 სარეიტინგო ქულა და 1.500 დოლარი;
მეხუთე ადგილი: 100 სარეიტინგო ქულა;
ქართველთაგან ბოლო წლებში ეს პრესტიჟული ტურნირი დავით ასუმბანს (2010), ვარლამ ლიპარტელიანს (2013) და ავთანდილ ჭრიკიშვილს (2014) აქვთ მოგებული.