“ინტერი” ზამთარში ოთხ ტრანსფერს გეგმავს
როგორც ჩანს, იანვარში მილანელები სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებენ.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს “ინტერის” ხელმძღვანელობამ ჯოფრი კონდოგბია, სტევან იოვეტიჩი და ივან პერიშიჩი შეიძინა, ისინი შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას კვლავ აგრძელებენ, იტყობინება Football Italia.
არსებული ინფორმაციით, “ნერაძური” ზამთარში “ვალენსიადან” სოფიან ფეგულის, “პარი სენ ჟერმენიდან” ადრიენ რაბიოსა და გრეგორი ვან დერ ვილის და “სამპდორიადან” ედერის გადაბირებას ეცდება.
მილანელებმა “ღამურების” პრეზიდენტთან 25 წლის ალჟირელი შემტევი ნახევარმცველის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა უკვე დაიწყეს. საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებთან მეგობრულმა ურთერთობამ, შესაძლოა, რაბიოსა და ვან დერ ვილის ტრანსფერს, რომლებიც ბოლო პერიოდში მოედანზე იშვიათად გამოდიან, ხელი შეუწყოს. რაც შეეხება ედერს, მისი ტრანსფერი ფინანსურ შესაძლებლობებსა და “სამპდორიას” ხელმძღვანელობის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
აგრეთვე, მოსალოდნელია, რომ იანვარში “ინტერის” შემადგენლობას დოდო, დ’ამბროსიო, მონტოია, ნაგატომო, რანოკია და ვიდიჩი დატოვებენ.