არაბიძე: „მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ“
როგორც მოგახსენეთ, 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ „მალმიოსთან“ შედეგიანი ფრით, 5:5 დასრულებულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი დონეკის „შახტარის“ ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი არაბიძემ გაიტანა. მატჩის შემდეგ გიორგი უკრაინული კლუბის ოფიციალურ ვებსაიტს გაესაუბრა და განვილი შეხვედრა შეაფასა.
„მიხარია, რომ იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე „შახტარის“ შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩავატარე. მართალია, ადაპტაციის პერიოდი ჯერ არ დამისრულებია, განვითარება და პროგრესი საჭიროა. დღეს ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელსაც დათმობა არ სურდა. ამას ანგარიშიც ადასტურებს.
როგორ ავხსნათ გოლების რაოდენობა? ვფიქრობ, მატჩის გარკვეულ ეპიზოდეში ორივე გუნდი კონცენტრაციას კარგავდა. თანაც, შეცდომები როგორც „მალმიოს“, ასევე ჩვენ გვქონდა. შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ, უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო. ამის მიუხედავად, საფინალო სასტვენის შემდეგ მწვრთნელმა ყველას მადლობა გადაგვიხადა.
გვესმის, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში კარგი არ არის. მოგება გვსურდა, რაც ვერ გამოგვივიდა. ჯგუფიდან შანსები ჩემი შესაფასებელი არაა, მაგრამ ერთს გეტყვით: მაქსიმუმ გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა არაბიძემ.