ბოატენგი იანვარში “მილანის” ფეხბურთელი გახდება?
არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში განელი ფეხბურთელი მილანელთა შემადგენლობას დაუბრუნდეს.
მოგეხსენებათ, 2013 წლის აგვისტოში კევინ-პრინს ბოატენგმა “როსონერი” დატოვა და გელზენკირხენულ “შალკეს” შეუერთდა. გასული სეზონის ბოლოს მას გერმანული კლუბის სამწვრთნელო შტაბთან და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც გუნდიდან გამოუშვეს.
სექტემბერში 28 წლის განელმა “მილანისგან” მათ ბაზაზე ვარჯიშის უფლება მიიღო, რათა ფიზიკური მონაცემები შეენარჩუნებინა. თუმცა, როგორც იტალიური მედია იტყობინება, ბოატენგმა სინიშა მიჰაილოვიჩზე ამხანაგური მატჩებისა და ვარჯიშების განმავლობაში შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა კი სერბ სპეციალისტს სურს, რომ აფრიკელი ფეხბურთელი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
მოსალდონელია, რომ თუ ბოატენგი ამავე მონდომებით გააგრძელებს მუშაობას, მაშინ იანვარში მასსა და კლუბს შორის ექვსთვიანი ხელშეკრულება, კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, გაფორმდება.
შეგახსენებთ, ბოატენგი “მილანის” ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან 100 მატჩის ჩატარება მოასწრო, 17 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.