მოურინიო შესაძლოა, ამ კვირაში გაათავისუფლონ
ლონდონის “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს წყალი რომ შეუდგა, ამაზე ბრიტანული და არაბრიტანული პრესა უკვე დიდი ხანია, წერს. დასავლეთლონდონელებს პრემიერლიგის ათი ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ 11 ქულა აქვს, რაც გუნდის ანტირეკორდია. კონსპირაციული თეორიის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსთან დაპირისპირება აქვთ და ცუდად განზრახ თამაშობენ, რათა რომან აბრამოვიჩმა პორტუგალიელი სპეციალისტი “სტემფორდ ბრიჯიდან” მიაბრძანოს. ამასობაში “ჩელსი” სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციამდე დაქვეითდა და აშკარაა, რაღაც ზომებია მისაღები.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ მოურინიოს გუნდი დამდეგ შაბათს შინ “ლივერპულს” დაუხვდება და თუ ისევ დამარცხდება, შესაძლოა, პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩის შემდეგვე გაათავისუფლონ.
იმავე წყაროს ცნობით, “ჩელსიში” დაბრუნება კარლო ანჩელოტის სურს. სახელდება ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურაც, რომლის მოთაფვლასაც აბრამოვიჩი 2012 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ კატალონიელმა სპეციალისტმა მიუნხენის “ბაიერნის” გაძღოლა არჩია. მესამე ვარიანტად დიეგო სიმეონე მოიაზრება. დროებით მწვრთნელად გუს ჰიდინკის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც “ჩელსის” 2009 წელს ხელმძღვანელობდა და დანიშვნიდან სამ თვეში გუნდს ინგლისის თასი მოაგებინა.