ანრი: “ჩელსის” ფეხბურთელებმა მოურინიოსადმი ნდობა დაკარგეს”
ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ტიერი ანრი თვლის, რომ “ჩელსის” ფეხბურთელებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ ნდობა დაკარგეს და ეს გუნდის შედეგებზეც უარყოფითად აისახება.
“ვხედავ, რომ გუნდი მოურინიოს აღარ ენდობა. ნემანია მატიჩმა ბოლო მატჩი არასტაბილურად ჩაატარა. ფეხბურთელები განზე არიან. ედენ აზარს ეტყობა, რომ ასეთ სტილში თამაში არ სურს. მოურინიომ უნდა აღიაროს, რომ მისი მანერა ფეხბურთელებს არ მოსწონთ. ძალიან ბევრს მოითხოვენ აზარისგან. იგი ჯერ დაცვაში უნდა დაეხმაროს გუნდს, შემდეგ კი სწრაფად უნდა გადავიდეს კონტრშეტევაზე.
მოურინიო წარმატებული მწვრთნელი იყო, ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ როდესაც ჩემპიონი ხდები, მომდევნო სეზონში უფრო მეტი უნდა გააკეთო. ფეხბურთელების სხეულის ენით ვხვდები, რომ მათ უკვე მობეზრდათ ამ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა, თუმცა გუნდთან იმდენად დაახლოებული არ ვარ, რომ შიგნიდან ვიცოდე, რა ხდება სინამდვილეში”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.