კაცნაკლულმა “ინტერმა” სტუმრად “ბოლონია” დაამარცხა და გალიდერდა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს X ტური “ბოლონიასა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა. ეს გოლი მატჩის 67-ე წუთზე “ნერიაძურის” მთავარმა მეგოლემ მაურო იკარდიმ გაიტანა, რომელმაც ადემ ლიაიჩის პასი შეირგო. გოლამდე იყო გაძევება: შეხვედრის მე-60 წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფელიპე მელომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. სხვათა შორის, მატჩის ბოლოს მსაჯთა მიმართ აქტიურად გამოხატული უკმაყოფილების გამო “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინიც გააძევეს. ბოლო კომპენსირებულ წუთზე მატია დესტროს ანგარიშის გათანაბრების საუცხოო შანსი მიეცა, თუმცა მარტოდ დარჩენილმა ახლო მანძილიდან ბურთი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს მოარტყა.
“ინტერმა” 21 ქულა დააგროვა და სანამ ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. “ბოლონიას” 6 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა.
იტალიის სერია A
X ტური
“ბოლონია” — “ინტერი” 0:1 (0:0)
გოლი: იკარდი 67′.
გაძევება: ფელიპე მელო 60′.