მორიგი დისკვალიფიკაცია მოურინიოს
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის პრემიერლიგის X ტურში “ვესტ ჰემ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას არასათანადო მოქცევის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. პორტუგალიელ სპეციალისტს არამხოლოდ მწვრთნელისთვის განკუთვნილ ტექნიკურ ზონაში ყოფნა, არამედ სტადიონზე შესვლის უფლებაც ჩამოერთვა. ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა მოურინიოს ჯარიმის სახით 40 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჟოზე მოურინიო გააძევეს. პორტუგალიელი მწვრთნელი შეხვედრის 44-ე წუთზე მინდვრიდან ნემანია მატიჩის გაძევების გამო ზედმეტად აქტიურად გამოხატავდა უკმაყოფილებას მსაჯების მიმართ, რის გამოც ტექნიკური ზონა მასაც დაატოვებინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესვენების დროს მოურინიო მსაჯთა ოთახში შესვლასაც კი ცდილობდა, რაც აკრძალულია.
ამრიგად, ჟოზე მოურინიო 7 ნოემბერს “სტოკ სიტისთან” გამართულ მატჩს გამოტოვებს.