U19: ავსტრიასთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ
ხვალ 14:00 საათზე, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩვენი ნაკრების სატურნირო მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო ვერაა, ამიტომ, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებს ავსტრიასთან გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ, რომ ელიტრაუნდში გასვლა შეძლონ. და თუ ეს ასე არ მოხდა, ბოლო 5 წელიწადში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ელიტრაუნდს მიღმა დარჩება. თუმცა, ვიყოთ ოპტიმისტები და გვქონდეს იმედი, რომ ჩვენი ფეხბურთელები შეძლებენ ძალების მოკრებას და დასახული მიზნის მიღწევას.
გადამწყვეტ თამაშს საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება. ყვითელი ბარათების გამო, თამაშს ტოვებს გიორგი არაბიძე. ალბანეთთამ მატჩში ტრავმა მიიღო ლადო მამუჩაშვილმა, თუმცა, ნაკრების ექიმების წყალობით, ის ხვალ თამაშს შეძლებს.
პარალელურ შეხვედრაში კი, რომელიც ასევე 14:00 საათზე დაიწყება, უელსის ნაკრები ალბანეთს შეხვდება.
საქართველოსა და ავსტრიის 19-წლამდე ნაკრებთა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს “სილქ სპორტი” შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური