‘ბობოლა’ გამოცდილება ჭაბუკთა მწვრთნელთათვის
წარმატებული მსოფლიო თასის კამპანიის შემდეგ, მნიშვნელოვანია რაგბის შემდგომი და უწყეტი განვითარება, რომ გაგრძელდეს საქართველოში. ამ მხრივ აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა და წვრთნის თანამედროვე მეთოდიკის ათვისება.
ამ მიზნით, 17 და 18 ნოემბერს განვითარების ჯგუფმა და ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა ერთობლივი მასტერკლასი გამართეს ჭაბუკთა ‘ა’ და ‘ბ’ ლიგის მწვრთნელთათვის.
მასტერკლასზე, რომელსაც 40-მდე მსმენელი დაესწრო, სამ საკითხზე – უნარების სწავლებაზე, შეტევის სტრუქტურაზე და შეტევით რაქზე იმუშავეს. პრაქტიკული მაგალითების დემოსტრაციისას, მილთონ ჰეიგს ეროვნული ნაკრების მორაგბეები ეხმარებოდნენ.
„საქართველოში მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რაგბის განვითარება და შემდეგ ეტაპზე გადაყვანა და მიმაჩნია, რომ მწვრთნელთა უნარების განვითარებაში ჩემი როლი მაკისრია. მინდა ავღნიშნო, რომ მწვრთნელებთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ორი დღის განმავლობაში მათ შრომისმოყვარეობა, მონდომება და რაგბის მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინეს.“ განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
მასტერკლასი განვითარების ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და სამომავლოდ სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. ღონისძიების მსვლელობისას მწვრთნელებთან ინტერაქციის შემდეგ გადაწყდა, რომ შემდეგ მასტერკლასს მთლიანად დაცვაში თამაშს დაუთმობენ, ხოლო მანამდე, იდენტური მასტერკლასი ნაახალწლევს ქუთაისში, დასაცვლეთ საქართველოს ჭაბუკთა მწვრთნელთათვის გაიმართება.
„ჩემი და მწვრთნელების აზრით, სემინარი ძალიან სასარგებლო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მსმენელებს მიეცათ საშუალება მილტონ ჰეგისგან მიეღოთ ინფორმაცია მეთოდიკაზე, შეტევის სტრუქტურაზე და რაქში თამაშის თავისებურებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბორჯღალოსნების თავკაცი თავის უზარმაზარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს ჭაბუკთა გუნდების მწვრთნელებს, რათა მათ თავისმხრივ გაიცნონ ის მეთოდიკა, რომლითაც მუშაობს ქვეყნის პირველი გუნდი, ნახონ როგორია მთავარი მწვთნელის სარაგბო ხედვა, რაც მწვრთნელებს ჭაბუკი მორაგბეების სწორი მეთოდიკით დაოსტატებაში დაეხმარება.“ განაცხადა მასტერკლასის შეფასებისას გიორგი ჭუმბურიძემ, განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა.
Rugby.GE