ლებრონ ჯეიმსი: „სამწუხაროა, რომ კობი ბრაიანტს ფინალში ვერ შევხვდი“
„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის თქმით, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდას კობი ბრაიანტს არასდროს შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში „შავმა მამბამ“ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დაადასტურა.
„ფანებისთვის ის ვერ გავაკეთე, რაც 2009 წელს უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, ამის ნახვა მთელ მსოფლიოს სურდა. მაშინ მან გულშემატკივართა წინ თავისი ვალი მოიხადა, მე კი – ვერა. ვერ ვიტან, რომ ეს ასე მოხდა“, – განაცხადა ლებრონმა.
2009/10 წლების რეგულარული სეზონი „კლივლენდმა“ მაჩვენებლით 66-16 დაასრულა, მის შემდეგ კი „ლეიკერსი“ მოდიოდა (65-17). პლეიოფის პირველ რაუნდში „კავალიერსმა“ „ჩიკაგო ბულზთან“ სერია 4-1 მოიგო, თუმცა შემდგომ ეტაპზე მოულოდნელად „ბოსტონ სელტიკსთან“ 2-4 დამარცხდა. იმ სეზონში „ლეიკერსი“ ფინალში გავიდა და საბოლოოდ პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგაც მოიგო.