“არსენალმა” ნოლიტოსთან მოლაპარაკებები დაიწყო
შესაძლოა, 29 წლის ესპანელმა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ ნოლიტოსთან შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ამას გარდა, წყარო ასევე წერს, რომ ესპანელი გარემარბის სატრანსფერო ღირებულებამ, შესაძლოა, დაახლოებით 18 მილიონი ევრო შეადგინოს.
აღსანიშნავია, რომ “არსენალი” ერთადერთი გუნდი არაა, რომელიც ნოლიტოს მიმართ ინტერესს იჩენს. მცირე ხნის წინ ფეხბურთელის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ კატალონიის “ბარსელონასაც”.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ნოლიტომ ჯერჯერობით 14 მატჩის ჩატარება მოასწრო და მეტოქეთა კარი რვაჯერ აიღო.