„ცხინვალმა“ „ლოკომოტივს“ მძიმე მატჩში მოუგო
საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-15 ტურში „ლოკომოტივმა“, რომელმაც ბოლო დროს სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოასწორა, სამეულისთვის მებრძოლი „ცხინვალი“ მიიღო. შეხვედრა კახა კაჭარავას გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა, გუნდებს მეტოქეთა კართან სახიფათო მომენტები არ შეუქმნიათ. 23-ე წუთზე მხოლოდ ქანთარიას საჯარიმოს მისადგომებთან არაზუსტი დარტყმის გამორჩევა შეიძლება.
შედარებით საინტერესო მეორე ნახევარი გამოდგა. 48-ე წუთზე „ლოკომოტივის“ კარისკენ ცერცვაძემ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. ორ წუთში კი, კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში არეულობით დავით მაისაშვილმა ისარგებლა, რომლის დარტყმულს მეკარე ლაზარე კუპატაძე ვერ გაუმკლავდა – 0:1. მე-60 წუთზე მეტოქის კარს შორიდან უბილავამ დაუმიზნა, ნადირაძე ბურთს დაეუფლა. ცოტა ხანში შორიდან დარტყმა ქიქავამაც სცადა, ნადირაძეს ამჯერად ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დარტყმულის მოგერიება მაინც შეძლო. „ლოკომოტივი“ ანგარიშის გათანაბრებას შემდგომშიც ცდილობდა, ასე, 73-ე წუთზე გავაშელიშვილის თავური ძელს მოხვდა. შემდეგ ეპიზოდში იმავე გავაშელიშვილმა მარცხენა ფლანგზე ბურთ მიიღო, მაგრამ საბოლოოდ, სუსტად დაარტყა და ბურთს ნადირაძე დაეუფლა.
სატქმელია, რომ მატჩი საკმაოდ უხეში იყო, რაც ბარათებზე აისახა. შეხვედრის ბოლოს ლევან კაკუბავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და დარჩენილ დროში „ცხინვალი“ კაცნაკლული იყო. შეხვედრის ბოლოს „ლოკომოტივს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ჩიხლაძის მიერ შესრულებული დარტყმული კედელში მდგომ მოთამაშეებს მოხვდათ. მსაჯს ხუთი წუთის დამატება მოუწია, მაგრამ დარჩენილ დროში „ლოკომოტივმა“ ღირებული ვერაფერი გამოუვიდა.
ამ გამარჯვებით „ცხინვალმა“ 32 ქულა დააგროვა და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე ავიდა. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, ჟერარდ სარაგოსას გუნდი 14 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
„ლოკომოტივი“ – „ცხინვალი“ 0:1
გოლი: მაისაშვილი 50′