ივანოვიჩი ახალ კონტრაქტს ელის
სერბ ფეხბურთელს ინგლისის დედაქალაქში დარჩენა სურს.
ლონდონის “ჩელსის” განაპირა მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში კლუბის ხელმძღვანელობისგან ახალ ხელშეკრულებას მიიღებს.
მოგეხსენებათ, სერბი ფეხბურთელი “არისტოკრატული” გუნდის რიგებს 2008 წელს შეუერთდა. მისი მიმდინარე კონტრაქტი კი 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ ეტაპზე “ჩელსის” კარგი პერიოდი არ უდგას და არც თავად ივანოვიჩია ფორმის პიკში. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მას ამ სიტუაციის გამოსასწორებლად თავისი გუნდის დახმარება შეუძლია.
“მესმის, რომ სეზონი კარგად არ დაგვიწყია, მაგრამ ახლა დავბრუნდი და ვიმედოვნებ, შედეგების გამოსწორებას შევძლებთ. ასევე, ახალი კონტრაქტის პირობების განსახილველად საკმარისი დრო გვექნება. “სტემფორდ ბრიჯზე” ბედნიერი ვარ”, – განაცხადა ბრანისლავ ივანოვიჩმა.