დღის მთავარი სატრანსფერო ამბები
“ბარსელონა” ფრანგ ტალანტს აკვირდება
“El Mundo Deportivo”-ს ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” “ლიონის” 19 წლის თავდამსხმელს, მაქსველ კორნეტს აკვირდება. საფრანგეთის u21 ნაკრების წევრი “ლიონში” გასულ იანვარს, “მეციდან” უფასოდ გადაბარგდა.
მოურინიოს იანვარში მატუიდის შეძენა სურს
ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ჩამშლელი ნახევარმცველის, ბლეზ მატუიდის შეძენა სურს. 28 წლის ფეხბურთელს, პარიზელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და მსურველ კლუბს მასში 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ევროპული გრანდები ლუკაკუს შეძენას ცდილობენ
ბელგიის ეროვნული ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სამიზნე იქნება. “Daily Mirror”-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მზადაა მის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო გაიღოს, თუმცა მიუხედავად ამისა, რომელუს შეძენით აქტიურადაა დაინტერესებული ისეთი გუნდები, როგორებიცაა: “პსჟ”, “იუვენტუსი” და “რომა”.
რაბიოს ახალი მსურველი გამოუჩნდა
“TMW”-ს ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 20 წლის ნახევარმცველის შეძენა “ნაპოლის” სურს. რაბიოს პარიზელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 14 მილიონი ევროა.
ავტორი: გოგა ნაჭყებია