კობიაშვილი: „ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ფეხბურთის ფედერაციის მიმართ“
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიხეილ მესხის სტადიონის მედია ცენტრში პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კობიაშვილმა და მუჯირმა ზუგდიდში 16 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„სამწუხაროა, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. მე არ ვსაუბრობ მშობლებსა და იმ ბავშვების ახლობლებზე, ვინც სიტუაციაში სწორად ვერ გაერკვნენ. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელს, გიორგი რევაზიშვილს დაუპირისპირდნენ ისეთი ადამიანები, ვინც სტადიონზე ორჯერ არ ყოფილან. ვემიჯნებით მსგავს გამოვლინებებს. ზუგდიდში არსებული აკადემია არ შედის უეფას პროექტში. უეფამ გამოყო კონკრეტული თანხა, რომლითაც ფეხბურთის ფედერაციას ორი ასაკობრივი გუნდი უნდა შეენახა. ამ პროექტის ხელმძღვანელი, ფრანგი ჟან ფრანსუა დომერგია, რომელმაც საერთოდ არ იცოდა ზუგდიდის აკადემიის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული არ ყოფილა. ფედერაცია აქამდე არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და ამბობდა, რომ ზუგდიდის აკადემია იყო თბილისში არსებული აკადემიის ფილიალი, მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის. უეფას პროექტი, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელებულიყო, მოიცავს ორი ასაკობრივი გუნდის განვითარებას. შესაბამისად, ზუგდიდის აკადემია არ იყო ამ პროექტის შემადგენლობაში. ეს დაიგეგმა კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ყველაზე მეტად ბავშვები და მათი მშობლები ზარალდებიან. მათ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ფედერაციის მხრიდან აქამდე არ იყო გავრცელებული სწორი ინფორმაცია. აკადემია არ დაიშლება. დაწყებული გვაქვს მუშაობა რეორგანიზაციაზე, რომელიც მოიცავს რეგიონებში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისა და შემდგომი მხარდაჭერის გრძელვადიან პროექტს,“ – ციტირებს კობიაშვილს სფფ-ს ოფიციალური ვებსაიტი.