დემიენ დაფმა კარიერა დაასრულა
ირლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დემიენ დაფმა კარიერა დაასრულა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ირლანდიური „შემროკ როვერსი“ იყო.
„ბევრი ფიქრის შემდეგ მოთამაშის კარიერის დასრულება გადავწყვიტე. გული თამაშის გაგრძელებას მკარნახობს, მაგრამ სხეულმა სხვა გადაწყვეტილება მიმაღებინა.
ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ყოველი პატარა ბიჭის ოცნება ავისრულე. იმედია, ფეხბურთში მწვრთნელის სახით დავრჩები. მრავალრიცხოვან გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი“, – განაცხადა დაფმა.
დაფს კარიერის განმავლობაში „ბლექბერნ როვერსში“, „ჩელსიში“, „ნიუკასლში“, „ფულჰემში“, „მელბურნ სიტიში“ და „შემროკ როვერსში“ უთამაშია. ირლანდიის ნაკრების მაისურით თამაში მან 1998 წლიდან დაიწყო. სანაკრებო კარიერა დაფმა 2012 წელს დაასრულა. ჯამში, თავისი ქვეყნის მთავარ გუნდში მან ასი შეხვედრა ჩაატარა.