„ქუთაისმა“ „ოლიმპს“ ბოლო წამზე გაუთანაბრა და ოვერტაიმში მოუგო
დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტური დაიწყო. პირველი შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში „ოლიმპსა“ და „ქუთაისს“ შორის შედგა. „ოლიმპი“ ბოლო დროს ცუდად გამოიყურება – კაზანჯიანის გუნდმა წინა ტურში „მგზავრებთანაც“ წააგო, დღეს კი ოვერტაიმში დათმო.
შეხვედრა თავიდანვე კოტე ტუღუშის გუნდის უპირატესობით დაიწყო. საწყის წამებზე „ქუთაისი“ ფაშაევის სამქულანი სროლით დაწინაურდა. სულ ცოტა ხანში ზაურმა მეორე სამქულიანიც ჩააგდო, მაშინ, როდესაც ანგარიში 1:9 გახდა. იმავე მეოთხედში „ქუთაისის“ უკანახაზელმა მესამე სამქულიანიც მიითვალა და სტუმრები ანგარიშით 5:16 იგებდნენ. მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა და 19 წამით ადრე კაზანჯიანმა წუთშესვენება აიღო, „ქუთაისი“ ამ დროს 15 ქულით – 7:22 იგებდა. საბოლოოდ, „ოლიმპმა“ სხვაობა 12 ქულამდე შეამცირა – პირველი მეოთხედი 12:24 დასრულდა.
მეორე ათწუთიანი პერიოდი ამჯერად „ოლიმპის“ ორი სამქულიანით დაიწყო, რომელიც დიდიამ ჩააგდო. სულ მალე სამქულიანი ალფოროვმაც ჩააგდო და კაზანჯიანის გუნდმა სხვაობა ხუთ ქულამდე – 21:26 შემცირდა. მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 48 წამით ადრე დიდიამ კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი უკვე ერთი ქულით 28:27 დააწინაურა. ამავე მეოთხედში „ოლიმპი“ 5 ქულით (34:29) იგებდა, მაგრამ ქუთაისელებმა მდგომარეობა იმდენად გამოასწორეს, რომ დიდი შესვენების წინ ისევ 15 ქულით – 34:49 იგებდნენ. ამ დროს მათი მხრიდან და, ზოგადად მატჩში, 10 ქულით საუკეთესო ანატოლი ბოისა იყო. „ოლიმპიდან“ 9 ქულით ალფოროვი გამოირჩა.
მესამე მეთხედის დასაწყისში ბოისამ სამქულიანი ჩააგდო. შეხვედრა ჩვეულ სტილში მიმდინარეობა, უპირატესობა ხან ერთ, ხან მეორე გუნდს ჰქონდა, რამაც იმერელთა სხვაობის 11 ქულამდე შემცირება მოჰყვა – მეოთხედის ბოლო წამზე აბულაძის სამქულიანის წყალობით „ოლიმპმა“ ანგარიშით 59:63 გახადა.
ბოლო მეოთხედში კაზანჯიანის გუნდმა დაწინაურაბა არაერთხელ შეძლო. მატჩის დასრულებამდე 0,6 წამით ადრე, როდესაც „ოლიმპი“ 79:78 იგებდა, „ქუთაისმა“ ორი სასროლი ჯარიმის უფლება მოიპოვა – ბექა ბექაურის პირველი სროლა ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო მეორე – არა. საბოლოოდ, შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც გაცილებით უკეთ „ქუთაისი“ გამოვიდა და ათი ქულით – 86:96 გაიმარჯვა.
„ქუთაისის“ რიგებიდან საუკეთესო 21 ქულით, 17 მოხსნითა და 5 პასით ბექა ბექაური გამოდგა. ქულების იგივე რაოდენობა „ოლიმპის“ ლეგიონერმა ჯერემი ბაინუმმაც დააგროვა, თუმცა მის ანგარიშზე მხოლოდ 6 მოხსნა და 3 ასისტია.
„ოლიმპი“ – „ქუთაისი“ 86:96 (12:24, 22:25, 25:14, 20:16, 7:17)