ტურეს აგენტი: “ბაიერნით” ტიტულს ბაბუაჩემიც მოიგებდა”
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელიუკმა პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ბაიერნით” ტიტულს ბაბუამისიც მოიგებდა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ესპანელი სპეციალისტი ბავარიულ კლუბს დატოვებს და დიდი შანსია, მან “მანჩესტერ სიტი” ჩაიბაროს. კოტდიუვარელი ფეხბურთელის წარმომადგენელი სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა.
“პეპი კარგი მწვრთნელია. მან “ბარსელონასა” და “ბაიერნში” ტიტულები მოიგო. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ “ბარსელონათი” და “ბაიერნით” ტიტულებს ბაბუაჩემიც მოიგებდა, რადგან ამ ორივე კლუბში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ.
შეხედეთ ლუის ენრიკეს. მან გასულ სეზონში “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მე არ ვამბობ, რომ ის ცუდი მწვრთნელია, მაგრამ რა გააკეთა “რომაში”? არაფერი”, – ციტირებს სელიუკის სიტყვებს fotmob.com.