მზადება სამხ. ამერიკული ტურნესთვის
20-წლამდელთა მსოფლიოსთვის მზადება
იანვრის შეკრება 8-18/01/16
საკონტროლო მატჩი ლელო სარასენსთან
სამხრეთ ამერიკული ტურნე 16/02 – 06/03
კომენტარებით ლადო კილასონია + ვიდეო
წარმატებული 2015 წლის შემდეგ ესტაფეტა 20-წლამდელებმა გადაიბარეს. შარშან მსოფლიო რაგბის ალაფის მოგებით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გასვლა (World Rugby U20 Championship), სადაც 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის იასპარეზებენ. ტურნირი წელს მანჩესტერში 5-25 ივნისს გაიმართება.
წილისყრის შედეგად საკმაოდ ძლიერ, ‘ა’ ჯგუფში მოვხვდით, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ, ირლანდიელ და ახალ ზელანდიელ თანატოლებს ერკინებიან.
ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:
7 ივნისი – ახ. ზელანდია – საქართველო;
11 ივნისი – უელსი – საქართველო;
15 ივნისი – ირლანდია – საქართველო;
სხვა დონის ტურნირზე გასვლა, შესაბამისად ახალი გამოწვევაა ქართული რაგბისთვის და მისთვის მზადება ახლებურადაა საჭირო. 2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას ინგლისში საქართველოს, არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირების პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები თებერვალში სამხრეთ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან, სადაც ორ-ორ მატჩს არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან გამართავენ, რაც ჩვენი ბიჭებისთვის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს.
სამხრეთ-ამერიკული ტურნე 16 თებერვლიდან 6 მარტამდე გასტანს. პირველ ორ მატჩს უმცროსი ბორჯღალოსნები ‘პუმიტასის’ (20წ არგენტინა) წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ბოლო ორში ტერიტოსს’ (20წ ურუგვაი) ერკინებიან.
მატჩების განრიგი
არგენტინა – საქართველო
20 თებერვალი, ბუენოს აირესი
24 თებერვალი, როსარიო
ურუგვაი – საქართველო
28 თებერვალი, პაისანდუ
4 მარტი, მონტევიდეო
შეკრებები შევარდენზე
ვიდრე არგენტინა-ურუგვაისკენ აიღებდნენ გეზს, ნაკრებმა დეკემბერსა და იანვარში ორი შეკრება გაიარა შევარდენზე და გამგზავრებამდე, თებერვლაში კიდევ ერთს გამართავენ. უკანასკნელი შეკრება 8 იანვარს დაიწყო და 18 იანვრის ჩათვლით გასტანა, რომლის დროსაც სამწვრთნელო შტაბმა 38 მორაგბეს უხმო. ამ ეტაპზე, მათი საკლუბო განრიგის გათვალისწინებით, სამწვრთნელო შტაბმა არ უხმო ლეგიონერებს.
შეკრების ბოლო დღეს, ნაკრებმა საკონტროლო მატჩი გამართა დიდი 10-ის მოქმედ ჩემპიონ თბილისის ‘ლელო სარასენსთან’. მატჩი სამ ტაიმად გაიმართა, რომლის დროსაც ილია მაისურაძემ სამი სხვა დასხვა შემადგენლობა ათამაშა. ნაკრებმა 1 ლელო, ხოლო სარასენსმა 3 დაამიწა.
როგორც მატჩის შემდეგ, 20 წლამდელეთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ განაცხადა, სამხრეთ-ამერიკაში გამგზავრებამდე გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბება მცირე დროით თებერვალში, რა დროსაც გაირკვევა ის 30 კაციანი ბირთვი, რომელიც ტურნეში გაემგზავრება. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატამდე დაგეგმილია დიდი შეკრების გამართვა, რომელზედაც ვიხილავთ საფრანგეთში მოასპარეზე ლეგიონერებსაც.
Rugby.GE