მანჩინი: “ლავესიმ იცის, რა უნდა გააკეთოს შეტევაში, თუმცა იგი “პსჟ”-ის მოთამაშეა”
მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ იაია ტურეთი და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ესეკიელ ლავესით არის დაინტერესებული. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა წარმატებები უსურვა ფრედი გუარინს, რომელიც უახლოეს პერიოდში მილანურ გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს.
“სატრანსფერო პერიოდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იაია ტურე მაღალი კლასის მოთამაშეა და ამ დონეზე ითამაშებს კიდევ რამდენიმე წელიწადი, ვინაიდან ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული. ლავესი თანამედროვე ტიპის ფორვარდია, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს შეტევაში. შესაძლოა, მას ჩვენი გუნდისთვის რაღაც დაემატებინა, თუმცა ამ დროისთვის იგი “პარი სენ-ჟერმენის” მოთამაშეა.
რაც შეეხება გუარინს, ხანდახან ფეხბურთელი ხვდება, რომ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა. თუ იგი წავა, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ხოლო თუ დარჩება, ჩვენი გუნდის მიზნისკენ სავალ გზაზე დიდ როლს შეასრულებს”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Goal.com-ი.