სფფ-ის 2015 წლის რჩეულები
თბილისის საკრებულოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის შემაჯამებელი ღონისძიება დასრულდა. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტრაგიკულად გარდაცვლილი დავით პეტრიაშვილის ხსოვნას.
სფფ-მ გამარჯვებულები ორ ახალ ნომინაციაში გამოავლინა – საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და საუკეთესო მსაჯი. გამარჯვებულები კიდევ ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.
გამოკითხვაში უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და 13 რეგიონალური ფედერაცია იღებდნენ მონაწილეობას.
საუკეთესო მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია (ფიფას კატეგორიის მსაჯი), ლაშა სილაგავა (ფიფას კატეგორიის მსაჯი), გოგა კიკაჩეიშვილი (ეროვნული კატეგორიის მსაჯი) ; საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე (თბილისის „დინამო“ / საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები), უჩა სოსიაშვილი (გორის „დილა“), ვარლამ კილასონია (ბოლნისის „სიონი“) ; საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“, ყაზახეთი), თამარ ნადირაშვილი, ლელა ჭიჭინაძე („ადანა“, თურქეთი) ; საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ოთარ კიტეიშვილი (თბილისის „დინამო“), მათე ცინცაძე (თბილისის „დინამო“), ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“ / „როსტოვი“) ; ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ალექსანდრე იაშვილი (თბილისის „დინამო“), გიორგი ქვილითაია (თბილისის „დინამო“), ოთარ მარცვალაძე (გორის „დილა“) ; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი – ვაკო ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ჯაბა კანაკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი).
ხმათა უმრავლესობით საქართველოს საუკეთესო მსაჯად ფიფას კატეგორიის მსაჯი, გიორგი ვადაჭკორია, დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის პრიზი თბილისის „დინამოს“ ყოფილ მწვრთნელს და ამჟამად უკვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცს, გია გეგუჩაძეს ერგო. საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებული, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გულნარა გაბელია გახდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად საფეხბურთო სამყარომ თბილისის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, აირჩია. მისივე თანაგუნდელი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, ალექსანდრე იაშვილი კი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რაც შეეხება წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციას, სპეციალური ჯილდო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მიიღო.
სფფ-ს პრესსამსახური