ყველაფერი, რაც “ჩელსის” ახალწვეულზე, მეტ მიაზგაზე უნდა იცოდეთ
როგორც იცით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ ლონდონის “ჩელსიმ” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. საუბარია მეტ მიაზგაზე, რომელიც აქამდე ამერიკული “ბულზის” ღირსებას იცავდა.
გთავაზობთ ყველანაირ ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეთ 20 წლის ფეხბურთელის შესახებ, რომელმაც ჯონ ტერის, გარი კეჰილსა და კურტ ზუმას უნდა გაუწიოს კონკურენცია…
მეტ მიაზგა 2013 წელს შეუერთდა “ნიუ იორკ რედ ბულზს”. 2013-ში მას მხოლოდ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. შემდეგ წელს კი ეს რიცხვი 7-მდე გაზარდა.
2015 წელი კი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ყველასათვის გასაოცრად, მიაზგამ ძირითადში ადგილის მოპოვება მოახერხა და MLS-ის ეგიდით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მის პროგრესს ნათლად აღნიშნავს ის ფაქტი, რომ ის 2015-ში MLS-ის საუკეთესო მცველთა სიაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, მან ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მაისურით 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა, მან 5-დან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ახლა კი ის 23-წლამდელთა ნაკრების ძირითადის ფეხბურთლად მოისაზრება.
1.93 მეტრი სიმაღლის მიაზგას შესანიშნავად შეუძლია სივრცეების გადაკეტვა. მშვენივრად თამაშობს თავითაც.
20 წლის მცველს ძალა ნამდვილად ერჩის, ის საკმაოდ აგრესიულია დუელებში. მას თამაშის წაკითხვაც საკმაოდ კარგად შეუძლია, რაც გასულ წელსაც გამოჩნდა, როდესაც ის ჯოვინკოსა და დავიდ ვილიას დაუპირისპირდა. ამერიკელს თავდამსხმელების მომარაგებაც შეუძლია პასებით, რაც დამატებითი პლუსია.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ის ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულიც გახლავთ. ყოფილი გუნდის მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში ის 3-ჯერ იქნა მოედნიდან გაძევებული.
“მიყვარს ევროპული ფეხბურთის ყურება. განსაკუთებით კი იმის, თუ როგორ მოქმედებენ ფეხბურთელები მოედანზე მნიშვნელოვან მატჩებში.
პირადად მე ჟერომ ბოატენგს ვაღიარებ, ის უნიკალურია. თუმცა ასევე მომწონს სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანიც.
თუმცა არ ვაპირებ ვინმეს მივბაძო, მინდა რომ ჩემი სტილით განვაგრძო თამაში. შეიძლება ერთი, ორი რამ ვისესხო მათგან, თუმცა საერთო ჯამში მინდა, რომ ჩემი სტილი დავნერგო.” – განაცხადა FourFourTwo-სთან ინტერვიუში.
“მას ყველაფერი საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს განვითარებული.- მენტალიტეტი, ფიზიკური მდგომაროება, ცოდნა.
მან ყველაფერი დიდებულად გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელ სეზონში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ მისით ვამაყობთ. იმედი გვაქვს, რომ ის კიდევ უფრო მეტს შემოგვთავაზებს.”