ჰოლივუდელი ლამაზმანი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი გახდა
47 წლის მსახიობმა ნაომი უოტსმა უელსურ საფეხბურთო კლუბ „გრანტრეტში“ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. უელსის მესამე დივიზიონის კლუბის ხელმძღვანელობამ ამ პოსტისთვის უოტსი ტყუილად არ აირჩია. ბავშვობაში, მშობელთა განქორწინების შემდეგ, ნაომი გარკვეული პერიოდით სოფელ ბოდოგანთან ახლოს ცხოვრობდა. კლუბი კი სწორედ ამ სოფლიდანაა.
აქამდე კლუბის პრეზიდენტი ჯორჯ მეირიკი იყო, რომელიც თავის ფუნქციებს, არც მეტი, არც ნაკლები, 20 წლის განმავლობაში ასრულებდა, თუმცა, 2015 წლის აგვისტოს, მისი წასვლის შემდეგ, ეს ადგილი ვაკანტური რჩებოდა.
ბოდოგანში, დაახლოებით, 400 ადამიანი ცხოვრობს. მასთან ახლოს ნაომის ბებიისა და ბაბუის პატარა რანჩოც მდებარეობს. უოტსის თქმით, მან ეს წინადადება დიდი სიამოვნებით მიიღო. ახლა საფეხბურთო კლუბის საიტს მისი ახალი პრეზიდენტის სურათები დაამშვენებს.