ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი
შაბათს 2016 წლის სანაკრებო სეზონი იწყება – 6 თებერვალს, 14 საათზე, ბორჯღალოსნები ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის სტარტზე გერმანიას უმასპინძლებენ ავჭალის სტადიონზე.
მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. დღეს და ხვალ ავჭალის სტადიონის სალაროები 11-დან 19 საათამდე მუშაობენ, ხოლო მატჩის დღეს – 12 საათიდან მატჩის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.
წლის პირველ მატჩამდე 48 საათზე ნაკლები დრო რომ რჩება, დადგა რაზმის დასახელების დრო. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა გუნდი წინა კვირას, შევარდენზე შეკრიბა და პირველი ორი შეხვედრისთვის გაფართოებული რაზმიც დაასახელა (ვრცლად)
დღეს ჰეიგმა რაზმი 23 კაცამდე შეკვეცა, რათა შაბათს გერმანიას დავუპირისპირდეთ. შემადგენლობაში რამდენიმე პოზიციაზე ღირს ყურადღების გამახვილება. მათ გამო მთავარმა მწვრთნელმა კომენტარები გააკეთა.
გერმანიასთან ბორჯღალოსნებს შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს. მას ეს პატივი და პასუხისგებლობა მერვედ ერგო. სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებს მინდორზე ბოლოს 2015 წლის ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატზე წარუძღვა.
რაზმში ერთი ახალბედაა – რუსთაველი ბურჯი, მსოფლიო რაგბის 2015 წლის 20-წლამდელთა ალაფის გამარჯვებული, გიორგი მელიქიძე, რომელიც ‘სტად ფრანსეს‘ ესპუარებში თამაშობს და ხშირად ჩნდება პირველ გუნდშიც. დასაბამიდან იგი 237-ე ბორჯღალოსანია – „როგორც ადრე აღვნიშნე, დიდი ხანია, რაც მელიქიძეს ვაკვირდებით და მნიშვნელოვანად მიმაჩნია მისთვის შანსის მიცემა. იმედი მაქვს, იგი ისევე გამორჩეულად ითამაშებს, როგორც ალაფაზე. მას, ასაკის მიხედვით, 20 წლამდელთა მსოფლიოზეც უწევს თამაში და ამ ტურნირისთვის უდიდეს გამოცდილებას დააგროვებს.“
შერკინებაში 8 ნომრად ‘მონ დე მარსანისა’ და 20-წლამდე ბორჯღალოსანთა მესამეხაზელი – ასევე რუსთაველი, ბექა გორგაძე დაიწყებს – „მან შარშან უკვე ითამაშა ‘თბილისის თასზე‘ და მსოფლიო თასის შეკრებაზეც ივარჯიშა გუნდთან ერთად. აქედან გამომდინარე, მისთვის ეს გარემო უცხო არაა. ბექაზე დიდ იმედებს ვამყარებ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია და იმედიც მაქვს, რომ იგი გაითავისებს როლს და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს თავს კარგად გაართმევს.“
შაბათის მატჩში დავით კაჭარავა 88 კეპს დააგროვებს და ნამსახურობით დაეწევა აქამდელ ლიდერს, მერაბ კვირიკაშვილს. ‘მეკო‘ ამ მატჩს გამოტოვებს, რადგან მაჯის ტრავმას იშუშებს – „კვირიკაშვილს მაჯის ოპერაცია გაუკეთეს და ვგეგმავდით, რომ შაბათს ეთამაშა, მაგრამ მაინც არ გავრისკეთ, ვინაიდან ახლახანს განაახლა ვარჯიში. შემდეგ კვირაში მეკო მწყობრში უნდა იყოს.“
ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდის მეორე ვეტერანი, მორკინალი გიორგი ჩხაიძე მიითვლის 87-ე კეპს.
სეზონის პირველ მატჩში გამოძახებულთაგან ვერ ვიხილავთ თამაზ მჭედლიძესა და მერაბ შარიქაძეს. ორივენი ტრავმებს იშუშებენ. მჭედლიძემ ტოპ 14-ის ბოლო ტურში ფეხის კუნთი გაიჭიმა, ხოლო შარიქაძეს კოჭი აწუხებს – „მჭედლიძესა და შარიქაძეს მცირე ტრავმები აქვთ და ვამჯობინეთ მათი დასვენება. დღეის მდგომარეობით ისინი მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებენ.“
კაჭარავასთან ერთად უკანა ხაზის ცენტრში ლაშა მალაღურაძე ითამაშებს – „მოცემულ მდგომარეობაში მალაღურაძე 12 ნომერზე იდეალურ კანდიდატად მიმაჩნია. გარდა ამისა, ჩვენ ადრეც მოვიაზრებდით მას ამ პოზიციაზე და ლაშასთან ბევრჯერ მისაუბრია ამის შესახებ. მან მსოფლიოზეც დაამტკიცა, რომ შეტევაში ბურთს მარჯვედ ანაწილებს და დაცვაშიც კარგად თამაშობს.“
სამატჩო რაზმი
უკანა ხაზი
15. ბექა წიკლაური
14. გიორგი ფრუიძე
13. დავით კაჭარავა
12. ლაშა მალაღურაძე
11. სანდრო თოდუა
10. ლაშა ხმალაძე
9. ვასილ ლობჟანიძე
შერკინება [ფორვარდები]
1. მიხეილ ნარიაშვილი
2. შალვა მამუკაშვილი
3. ანტონ ფეიქრიშვილი
4. გიორგი ჩხაიძე
5. გიორგი ნემსაძე
6. შალვა სუთიაშვილი^კაპ
7. გიორგი თხილაიშვილი
8. ბექა გორგაძე
მარქაფა [სათადარიგოები]
23. გიორგი აფციაური
22. რევაზ ჯინჭველაშვილი
21. გიორგი ბეგაძე
16. ზურაბ ჟვანია
17. კახა ასიეშვილი
18. გიორგი მელიქიძე
19. ლაშა ლომიძე
20. საბა შუბითიძე
Rugby.GE