ალეგრი: „ნაპოლი“ არამხოლოდ იგუაინია“
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩის წინ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი გუნდი აღნიშნულ შეხვედრაში არამხოლოდ თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შეჩერებაზე უნდა ფიქრობდეს.
„ნაპოლი“ არამხოლოდ იგუაინია. გონსალოს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, მაგრამ თვალყური არამხოლოდ მას უნდა ვადევნოთ. „ნაპოლის“ ლიგაში მეორე დაცვა ჰყავს. ასევე მათ სხვებზე მეტი გოლი გაიტანეს. ჩვენი მეტოქე ჩინებულ ფორმაშია და კარგად თამაშობს. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, ეს დიდი თამაში იქნება. თანაც, „სკუდეტოს“ მომავალი მფლობელი ამ შეხვედრაში არ გაირკვევა. ამის შემდეგ კიდევ 39 ქულა გაითამაშება“, – ციტირებს ალეგრის Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ დღეს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამჟამად „ნაპოლი“ ცხრილს 56 ქულით ლიდერობს და „ბიანკონერის“ 2 ქულით უსწრებს.