აღმასკომმა ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა (ვიდეო)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასკომმა საქართველოს 2015-2016 წ.წ. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების ჩემპიონატის მეორე წრის კალენდარი დაამტკიცა. ამასთანავე, აღმასკომმა ცვლილება შეიტანა დებულებაში და გადაწყვიტა, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 26 მაისის ნაცვლად, 18 მაისს ჩატარდება. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე იმსჯელეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებს პროექტის დეტალები გააცნო. ფართო საზოგადოებისთვის კი ხუთწლიანი პროგრამის პრეზენტაცია 18 თებერვალს, 18 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იგეგმება. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, წესდების შესაბამისად სფფ-ს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარედ, აღმასკომის წევრი, ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე დაამტკიცეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღმასკომის სხდომის შესახებ სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა:
„მოგეხსენებათ, რომ 19 თებერვალს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე იწყება. განახლებამდე აღმასკომი შეიკრიბა და დავამტკიცეთ კალენდარი. რაც შეეხება დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშებას, თქვენ იცით, რომ დებულების თანახმად ფინალი 26 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ რადგან ეროვნული ნაკრები შეკრებაზე მიემგზავრება ავსტრიაში და ამხანაგური მატჩები უკვე დაგეგმილია სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებების წინააღდეგ,ამიტომ თასის ფინალი 18 მაისს შედგება. დღეს, ჩვენ ძირითადად იმ 5 წლიანი პროექტის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც სახელწიფომ დაამტკიცა. 18 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციას დაგეგმილი აქვს ამ პროექტის პრეზენტაცია და ფართო საზოგადოება დეტალურად გაეცნობა პროექტის ყველა დეტალს”.
სფფ-ს პრესსამსახური