U21: საქართველო — უკრაინა ზესტაფონში ჩატარდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ფეხბურთის ფედერაციას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთი მოედნის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.
მხარეებს შორის გაფორმებული სამთვიანი კონტრაქტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების გარდა, 28 მარტს, საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთა საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსემეტე ტურის მატჩი თერჯოლის „საპოვნელასა“ და „დინამო თბილისს“ შორის ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის მატჩებს „საპოვნელა“ ქუთაისში მართავდა.
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩს ზესტაფონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო.
სფფ-ს პრესსამსახური