ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ვიზიტი აჭარაში
2 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა და ლიცენზირების განყოფილების უფროსი ბაქარ ჟორდანია აჭარის რეგიონს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი ბოლო დროს აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა იყო.
ფედერაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ვალერი ბერაძესთან და შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე თურქულმა კომპანიამ, „ბაჰადირ ქულ არქიტექტსმა“ ბათუმის სტადიონის პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტის მიხედვით, სტადიონს, რომლის ტევადობაც 20 373 იქნება, თამამად შეუძლია უეფას მეოთხე კატეგორიის მიღება და სწორედ ამის გათვალისწინებით, განხილვისას ფედერაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე კორექტივის შეტანა ურჩიეს პროექტის ავტორებს, რაზეც თანხმობა მიიღეს. დღის ბოლოს კი, შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაზე ნიკა ჯღარკავას და ბაქარ ჟორდანიას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ უმასპინძლა. მინისტრის განცხადებით, ახალი არენის გარდა, აჭარაში მალე სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაც დაიწყება, რაც რეგიონში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბათუმის ახალი სტადიონისთვის გამოყოფილი ტერიტორიის შესწავლის შემდეგ სფფ-ს წარმომადგენლები ახალსოფელში, პირველი ლიგის მატჩს, „მაჭახელა“ – „სამეგრელოს“ დაესწრნენ და ანგისაში მშენებარე საწვრთნელი ბაზაც დაათვალიერეს, რომელიც გეგმის მიხედვით შენდება და წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სფფ-ის პრესსამსახური