„დინამო“ პირველზე გავიდა, „სოხუმმა“ ერთი ქულით მოიგო
„სპორტის ახალ სასახლეში“ დღეს საქართველოს სკალათბურთო სუპერლიგის მე-20 დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.
პირველი მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. „ბათუმის“ „ქუთაისთან“ გუშინდელი მარცხის შემდეგ ირაკლი ხოშტარიას გუნდს პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა, რომელიც „დინამოელებმა“ გამოიყენეს და ანგარიშით 71:65 გაიმარჯვეს.
პირველი მეოთხედი „დინამომ“ 4-ქულიანი უპირატესობით მოიგო (16:12), დიდი შესვენების წინ კი ორი ქულით იგებდა (33:31). მესამე მეოთხედში „დინამომ“ უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა, გადამწყვეტ მეოთხედში კი ივატინის გუნდმა ამ 12 ქულიდან მხოლოდ 6 შეამცირა.
საუკეთესო „დინამოს“ რიგებიდან 14 ქულით, 7 მოხსნითა და 2 ასისტით კვლავ გიორგი შარაბიძე იყო. „ოლიმპიდან“ ასევე 14 ქულით, თუმცა 4 მოხსნითა და 3 პასით ჯერემი ბაინუმი გამოირჩა.
ამგვარად, „დინამომ“ 33 ქულა დააგროვა, პირველა დგიზლე გავიდა და ერთდროულად სამ გუნდს ერთი ქულით გაუსწრო („ბათუმს“, „ქუთაისსა“ და „სოხუმს“).
„დინამო“ – „ოლიმპი“ 71:65 (16:12, 17:19, 20:10, 18:24)
„მგზავრებსა“ და „სოხუმს“ შორის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა, მაყურებლებმა ბოლო წუთებამდე უშეღავათო ბრძოლა იხილეს, რომელშიც ერთი ქულით გამარჯვება ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა იზეიმა.
პირველი მეოთხედის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო (19:19), დიდი შესვენების წინ კი „სოხუმი“ 2 ქულით დაწინაურდა – 33:31. მესამე მეოთხედში „სოხუმმა“ ანგარიში გაათანაბრა, ბოლო მეოთხედის ბოლო წუთი კი მეტად დაძაბული გამოდგა. 12 წამით ადრე „მგზავრები“ 1 ქულით დაწინაურდნენ (64:63), თუმცა შვიდ წამში კვარაცხელიას გუნდმა მეტოქეს ფილიპ მილერის ჩაგდებით უპასუხა. „მგზავრებმა“ წუთშესვენება აიღეს და შეტევაც კარგად განავითარეს, მაგრამ უილიამსის საბოლოო სროლა არაზუსტი გამოდგა – საბოლოოდ, „სოხუმმა“1 ქულით გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
ამ მოგებით „სოხუმმა“ 32 ქულა დააგროვა და ქულებით „ბათუმსა“ და „ქუთაისს“ გაუთანაბრდა.
„მგზავრები“ – „სოხუმი“ 64:65 (19:19, 12:14, 19:17, 14:15)
Fanebi.com-ის ფოტოგრაფის მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები: