დიეგო სიმეონე: “თერთმეტმეტრიანების დარტყმაში არ გვივარჯიშია”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “პეესვე ეინდჰოვენს” შორის გამართული საპასუხო მატჩის 120 წუთი უგოლოდ მიილია და მომდევნო რაუნდზე გამსვლელი გუნდის გასარკვევად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო. თერთმეტმეტრიანების სერიაში “ატლეტიკომ” 8:7 იმარჯვა და ტურნირის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მასპინძლებმა ყველა პენალტი გაიტანეს, თუმცა მატჩის შემდეგ მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს თერთმეტმეტრიანების შესრულებაში საგანგებოდ არ უვარჯიშიათ.
“მოხარული ვარ, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე გავედით. ხუანფრანის საბოლოო პენალტი მხოლოდ გვირგვინია იმ უდიდესი სამუშაოსი, რომელიც მრავალმა ადამიანმა გასწია. ჩვენ ვაგრძელებთ ასპარეზობას და მიღწეულს არ დავჯერდებით.
გამარჯვებისთვის 4-3-3 წყობით თამაში გადავწყვიტეთ. თერთმეტმეტრიანების შესრულებაში არ გვივარჯიშია, რადგან ამას აზრი არ აქვს. შარშან ლევერკუზენის “ბაიერთან” გამართულ მატჩშიც და დღესაც ხერმან ბურგოსმა (სიმეონეს თანაშემწე) შეადგინა პენალტების დამრტყმელთა სია. ყოველთვის რთულია ასეთ სიტუაციებში ყოფნა. ეს ჭადრაკის თამაშს ჰგავს.
ვულოცავ ფანებს და მადლობას ვუხდი მათ ასეთი ატმოსფეროს შექმნისთვის. მათი იმედი ყოველთვის გვექნება.
მძიმე მატჩი გამოვიდა. ანტუან გრიზმანითა და იანიკ კარასკოთი ვუტევდით, შემდეგ კი ფერნანდო ტორესიც შევიყვანეთ მოედანზე. მოგვიანებით მატიას კრანევიტერიც დავამატეთ, რის შემდეგაც ცენტრში კიდევ უფრო სტაბილურები გავხდით. დამარცხდებოდა ის გუნდი, რომელიც შეცდომას დაუშვებდა. არცერთი არ შეცდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
0:0 ყოველთვის სანერვიულო ანგარიშია. უნდა შევაქოთ მეტოქეც, რომელიც 5-3-2 წყობით გამოვიდა მოედანზე. მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გასვლის სურვილი ჩვენ უფრო გამოვხატეთ”, – სიმეონეს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.