ევროპის ლიგა: “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ბარიერი დაძლია (ვიდეო)
უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” წყვილში გამარჯვებული მერსისაიდული კლუბი დარჩა. იურგენ კლოპის გუნდმა პირველი შეხვედრა, რომელიც “ენფილდზე” გაიმართა, ანგარიშით 2:0 მოიგო, საპასუხო მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში “წითელმა ეშმაკებმა” გახსნეს. მატჩის 32-ე წუთზე მერსისაიდელთა მარჯვენაფლანგელმა მცველმა ნათანიელ კლაინმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე ანტონი მარსიალი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უყოყმანოდ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ერთი ბურთი გაქვითა. ამით მასპინძლებს ნახევარი საქმე მოთავებული ჰქონდათ, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე ფილიპე კოუტინიო შეტევის მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, გილერმო ვარელას გვერდი უპრობლემოდ აუარა, დავიდ დე ხეას ახლო კუთხეში დაურტყა და გაუტანა. სტუმრად გატანილი გოლით მერსისაიდელებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს როგორც საფეხბურთო თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიურად. შეხვედრის მეორე ნახევარი უგოლოდ მიილია. ამრიგად, “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ევროპის ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “ლივერპული” 1:1 (1:1) (ორი მატჩის ჯამში 1:3)
გოლები: მარსიალი 32′ (პენ) — კოუტინიო 45′.
გაფრთხილებები: ბლინდი 33′, ფელაინი 50′, შვაინშტაიგერი 80′ — კოუტინიო 42′, კლაინი 51′, რობერტო ფირმინო 83′.