გია გეგუჩაძემ ნაკრებში ზივზივაძეს და გვილიას უხმო
სან მარინოს 21-წლამდე ნაკრებთან ევროშესარჩევი მატჩის მოგების (4:0) შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას აგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდი 28 მარტს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩს გამართავს უკრაინელ თანატოლებთან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.
საქართველოს ნაკრები უკრაინელებთან სათამაშოდ სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ემზადება – გიორგი აბურჯანია, ლაშა დვალი და ნიკა კაჭარავა ეროვნულ გუნდში მიიწვიეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დანაკლისს – ავთო ენდელაძე ავადმყოფობის გამო ვერ ეხმარება ნაკრებს.
21-წლამდელებში მატებაცაა: გია გეგუჩაძემ გამოიძახა „სამტრედიას“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც უკვე შეუერთდა ნაკრებს და ბელარუსული „მინსკის“ ნახევარმცველი ვალერიან გვილია, რომელიც ხვალ გამოცხადდება შეკრებაზე.
ხვალ-ზეგ საქართველოს ნაკრები ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ივარჯიშებს, 27 მარტს კი მატჩისწინა წვრთნას ზესტაფონში ჩაატარებს. ამავე დღეს აქვს „დავით აბაშიძეზე“ ვარჯიში დაგეგმილი უკრაინასაც, რომელმაც გუშინ ამხანაგურ მატჩში ავსტრია 1:0 დაამარცხა.
სფფ-ის პრესსამსახური