ყაზახეთის ნაკრებმა აზერბაიჯანი მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)
თურქეთის საკურორტო ქალქ ბელეკში დასრულდა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი. შეხვედრა ყაზახების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-8 წუთზე ყარაგანდის “შახტარის” ნახევარმცველმა მაკსატ ბაიჟანოვმა თავური დარტყმით გაიტანა. საერთოდაც, ყაზახები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და გოლის გატანის შანსი კიდევ არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა ხან შეტევის დამამთავრებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც აზერბაიჯანელთა მეკარე თამაშობდა საიმედოდ, მატჩის ბოლოს კი ერთ ეპიზოდში ბურთი ხარიხასაც ორჯერ გაარტყეს.
როგორც მოგეხსენებათ, ყახაზეთის ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს თბილისში, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 29 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.