28 მარტს ზესტაფონში: საქართველო U21 – უკრაინა U21 (ვიდეო)
28 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს უკრაინასთან. შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 18 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია “რიონი” განახორციელებს.
27 მარტს, ორივე გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა – ჩვენმა სტუმრებმა 17 საათზე წყალტუბოში, ერთი საათით გვიან კი გია გეგუჩაძის შეგირდებმა ზესტაფონის სტადიონზე ივარჯიშეს. წვრთნის დაწყებამდე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “დავით აბაშიძის” მედია-ცენტრში პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ახლა გაცილებით ძლიერი მეტოქე გვყავს, ვიდრე სან მარინო იყო, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ რადგან მატჩი ამხანაგურია, ჩვენთვის შედეგი მეორეხარისხოვანი იქნება. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ძალიან მიხარია, რომ შეხვედრა ზესტაფონში ჩატარდება, აქ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და იმედი მაქვს, ხვალ გულშემატკივარიც მრავლად მოვა“ – განაცხადა გია გეგუჩაძემ.
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ნაყოფიერი გამოდგა, გუნდიც სრულ მზადყოფნაში ხვდება მოახლოებულ შეხვედრას. ერთადერთი, ავადმყოფობის გამო ნაკრებს ნახევარმცველი ავთო ენდელაძე ვერ დაეხმარება.
სფფ-ის პრესსამსახური