ბაისუფინოვი: “საქართველოს ნაკრებიდან ლევან მჭედლიძეს გამოვარჩევდი”
ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტალგატ ბაისუფინოვმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით. ჩვენ ერთკვირიან შეკრებას ვატარებთ. ხვალ შევეცდებით, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. არ ვიცით, რა მოხდება, რადგან ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. აზერბაიჯანის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ჩემი გუნდის ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან.
ყაზახეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ ჩვენი შეკრება დაიწყო. კონკურენტები შევისწავლეთ და ხვალინდელი მატჩისათვის სტრატეგია გვაქვს. საქართველოს ნაკრებში 15 ლეგიონერია გამოძახებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სერიოზულ გუნდს ვეთამაშებით. შეტევაში აგრესიულად ვთამაშობთ, მაგრამ სხვა კომპონენტებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.
საქართველოს ნაკრებიდან ლევან მჭედლიძეს გამოვარჩევდი. ვფიქრობ, მას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
ვლადიმერ ვაისს ყველა ყაზახი მწვრთნელის სახელით მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, მან ჩვენს ჩემპიონატს ბევრი რამ შემატა.
ყაზახეთის ნაკრები ყველა მეტოქეს პატივს სცემს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ყოველთვის ჩვენი თამაში ვითამაშოთ.”
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.