ისკო – “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე
როგორც იტალიური გამოცემა “Corriere dello Spor”-ი იუწყება, ამ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მადრიდული კლუბის ფლეიმეიკერი -ისკოა. იტალიელები ამ ტრანსფერისთვის 30 მილიონამდე ევროს დახარჯვას აპირებენ.
უკვე დიდი ხანია ვრცელდება ჭორები, რომ “რეალს” ძალიან სურს “ჩელსის” გარემარბის, ედინ აზარის შეძენა და პრესაში ისიც კი ითქვა, რომ ტრანსფერი თითქმის მოგვარებულია და მხოლოდ წვრილმანებიღა დარჩა ბელგიელს მადრიდში გადაბარგებამდე.
იმ შემთხვევაში კი თუკი აზარი მართლაც მოირგებს თეთრ მაისურს, მადრიდული კლუბის შეტევის ხაზი “გადაივსება” და 23 წლის ისკოს ბევრად ნაკლები დრო ექნება სათამაშოდ. ამავდროულად თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ ზინედინ ზიდანი ისედაც არ სწყალობს ესპანელს და იშვიათად აყენებს ძირითად შემადგენლობაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც ისკო უნდა იყოს “ტურინულ ვოიაჟზე” მთლად ურიგო წარმოდგენის.
თუმცა “იუვენტუსის” ალტერნატივად ისკოს “მანჩესტერ სიტისა” და რამდენიმე ინგლისური კლუბის ამორჩევაც შეუძლია. როგორც ამბობენ გვარდიოლას ძალიან სურს თავის მომავალ კლუბში (ის მალე მანჩესტერ სიტის ჩაიბარებს) ესპანელის ხილვა და არამგონია შეიხებმაც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფლეიმეიკერისთვის 30 მილიონი დაინანონ.
წელს ისკომ რეალის შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც მიითვალა.