რეკობა: “კარიერის საუკეთესო გოლი “სამპდორიას” გავუტანე” (ვიდეო)
მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა ალვარო რეკობამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა. ასეთად ურუგვაელმა შემტევმა 2005 წელს გენუის “სამპდორიას” კარში გატანილი ბურთი მოიხსენია. შეხვედრის 90-ე წუთამდე “ინტერი” 0:2 აგებდა, თუმცა კომპენსირებულ დროში მილანელებმა სამი ბურთის გატანა მოახერხეს, გამარჯვების გოლი კი 96-ე წუთზე სწორედ რეკობამ შეასრულა.
“ინტერის” რიგებში ჩემი საყვარელი გოლი 2005 წელს “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გავიტანე. ბოლო წუთებზე ანგარიში გავათანაბრეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მაშინ ენით აუწერელი განცდა დამეუფლა. თითქმის ისეთივე გრძნობა მქონდა, როგორიც ჩემს სადებიუტო შეხვედრაში, როდესაც ყველა რონალდოს ელოდებოდა, თუმცა მოედანზე მე გავედი და დუბლი შევასრულე.
ვერ გეტყვით, ვინ იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი გუნდში, ვინაიდან საკმაოდ ძლიერი თანაგუნდელები მყავდა და ერთის დასახელების შემთხვევაში, სხვებს ვაწყენინებ. იღბლიანი ვარ იმით, რომ დიდი ფეხბურთელების გვერდით ვითამაშე.
ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს და უბრალოდ მინდოდა, რომ ხალხი გამეხარებინა. არაფერს არ ვნანობ. თუ შეცდომები დავუშვი, ამან გამოცდილება შემძინა, ამიტომ არ ვწუხვარ”, – განაცხადა რეკობამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო რეკობა ფართო აუდიტორიისთვის უფრო მეტად ცნობილი სწორედ “ინტერში” თამაშის პერიოდში გახდა. ურუგვაელი თავდამსხმელი “ნერიაძურის” ღირსებას 1997-დან 2007 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (2005–06, 2006–07), ქვეყნის თასი (2004–05, 2005–06) და სუპერთასი (2005, 2006), გახდა უეფას თასის გამარჯვებული (1997–98).
გარდა ამისა, ალვარო რეკობას “ტორინოს”, “ვენეციას”, ბერძნული “პანიონისისა” და სამშობლოში რამდენიმე კლუბის ღირსება დაუცვია.
ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 69 მატჩში რეკობამ 11 გოლი გაიტანა.