დენის ირვინი: “ქინქლაძის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველმა, დენის ირვინმა Sport360-თან ინტერვიუში დაასახელა ის ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა.
“დიდებული ფეხბურთელი იყო ჯონ ბარნსი. ჩემი აზრით, ორი ტიპის გარემარბები არსებობენ. ზოგი ცდილობს, რომ ბურთი წინ გაიგდოს და შემდეგ საჯარიმოში ჩააწოდოს. ასევე, არსებობენ ჭკვიანი გარემარბები, რომლებსაც კარგი პასის გაკეთება და დრიბლინგით რამდენიმე მეტოქის ჩამოშორება შეუძლიათ. შესანიშნავები იყვნენ ჯორჯ ჰაჯი, ხრისტო სტოიჩკოვი და გიორგი ქინქლაძე. ჭკვიანები ყოველთვის გაიძულებდნენ იქ წასულიყავი, სადაც თვითონ არ გსურდა”, – თქვა ირლანდიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ირვინმა “მანჩესტერ იუნაიტედში” 12 სეზონი გაატარა. მანჩესტერულ კლუბში გატარებული პერიოდის განმავლობაში, მან 7-ჯერ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.