“ჰერტას” წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში
თბილისს საფეხბურთ კლუბ ბერლინის „ჰერტას“ ბავშვთა აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა სტუმრებმა ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა აკადემია დაათვალიერეს. ასევე გამართეს სხვადასხვა რანგის შეხვედრა ფედერაციის წარმომადგენლებთან. გერმანელი სტუმრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდნენ.
ფეხბურთის გერმანელმა სპეციალისტებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მომავალში კი ბერლინის „ჰერტასთან“ აქტიური თანამშრომლობა იგეგმება. გერმანელი სტუმრები საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მოწვევით იმყოფებოდნენ. ჰანს-პეტერ იაკობი, ბერლინის „ჰერტას“ ბავშვთა აკადემიის მენეჯერი:
„საქართველოში ჩვენ ლევან კობიაშვილის მოწვევით ჩამოვედით, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და ქართულ ფეხბურთში რეფორმებს ახორციელებს. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა და ძალიან სტუმართმოყვარე გარემო დაგვხვდა. ვესტუმრეთ ფეხბურთის აკადემიას, ასევე საფეხბურთო გარემოს გავეცანით. შეხვედრა შედგა სპორტის მინისტრთანაც, რომელიც ბერლინის „ჰერტას“ სახელით გერმანიაში მივიწვიეთ. ასევე იგეგმება ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების მიწვევა გერმანიაში. უახლოეს თვეებში ვფიქრობ, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ასევე, არ არის გამორიცხული, საფეხბურთო კლუბებთანაც. ჩვენი მიზანი იქნება, რომ ლევან კობიაშვილთან ერთად საქართველოში ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ”.
„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც „ჰერტადან“ თბილისში ჩამოვიდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არამხოლოდ ბერლინის „ჰერტასთან“, არამედ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთანაც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენს გერმანელ სტუმრებს გავაცანით არსებული რეალობა და უახლოესი გეგმები, რომელიც ქართულ ფეხბურთში გვინდა, რომ განხორციელდეს. მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები. ვფიქრობ ეს თანამშრომლობა, ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება” – ლევან კობიაშვილი.
სფფ-ის პრესსამსახური