10 მიზეზი, რამაც “ბარსელონას” ჩავარდნა გამოიწვია
ბოლო დროს, კატალონიის “ბარსელონა” ძველებურად ვეღარ თამაშობს. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, პრიმერა დივიზიონის ბოლო მატჩებში კი რამდენიმე მარცხი იწვნია. ფაქტია, “ბლაგაურნას” ჩავარდნა აქვს. თუ რის გამო ხდება ეს, ამის მიზეზებზე ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Goal.Com-მა სტატია გამოაქვეყნა.
1. ჩავიმ და პედრომ გუნდი მაშინ დატოვეს, როცა სატრანსფერო ბანი კვლავ მოქმედებდა | ჩავიმ კატალონიური გრანდი ტრიპლეტის მოგების შემდეგ დატოვა, პედრომ კი აგვისტოში “ჩელსიში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათმა წასვლამ გუნდის მწვრთნელს არჩევანის საშუალება კიდევ უფრო შეუზღუდა, ახალი ფეხბურთელების დამატება კი არ შეეძლოთ.
2. არდასა და ალეიშს ადაპტაცია უჭირთ | მართალია გასულ ზაფხულში კლუბმა ალეიშ ვიდალი და არდა თურანი დაიმატა, თუმცა მათი ადაპტაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ზაფხულში ნაყიდი ფეხბურთელების დებიუტი იანვარში შედგა, საერთო ჯამში ვიდალმა და თურანმა 30 მატჩი გამოტოვეს.
3. არ არის ნოლიტო, მსნ-ს დამზღვევი არ ჰყავს| მას შემდეგ, რაც პედრო წავიდა გუნდში თავდამსხმელის საჭიროება გაჩნდა. ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონები ნოლიტოთი დაინტერესდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. მესის, ნეიმარისა და სუარესის ზურგზე ძალიან დიდი ტვირთი აწევთ, დამხმარე კი არავინაა.
4. პრობლემები დაცვაში | კატალონიელების სუსტი წერტილი, როგორც ყოველთვის, წელსაც დაცვის ხაზია. გასულ სეზონში გუნდმა სულ რაღაც 37 გოლი გაუშვა, წელს კი გაშვებულმა გოლების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა (“ატლეტიკის”, “სელტასა” და “სევილიას” ფეხბურთელებმა ერთ მატჩში 4 გოლის გატანაც კი შეძლეს ბარსელონელებისათვის). თუმცა აქამდე დაცვაში დაშვებულ შეცდომებს MSN ფარავდა, აქამდე…
5. რაფინიას ტრავმა | როგორც იცით, ლუის ენრიკე რაფინიას საკმაოდ დიდ პატივს სცემს. თუმცა, რაფინიამ სეზონი მძიმედ დაიწყო – მან “რომასთან” მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ლაზარეთში ექვსი თვის გატარება მოუწია. ამან კი მას შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ხელი შეუშალა.
6. სათადარიგოთა სკამის სისუსტე | მიმდინარე სეზონში, სერხი რობერტოს გარდა “ბარსელონას” ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შესძლო სათადარიგოთა სკამიდან თავის გამოჩენა. ლუის ენრიკე მუნირსა და სანდროს მნიშვნელოვან მატჩებში არ ენდობა, მაშინ, როცა ჟერემი მატიემ უკვე მოახერხა რამოდენიმე საბედისწერო შეცდომის დაშვება. რაც შეეხება ტომას ვერმალაენსა და მარკ ბარტრას, ისინი ძირითადის მოთამაშეებად არც კი განიხილებიან, ისევე როგორც ადრიანო. უკვე ავღნიშნეთ ისიც, რომ არდასა და ალეიშს ადაპტაციის პრობლემები აქვთ.
7. კლუბს ვერც ლა მასია ეხმარება | “ბარსა ბ” წელს იმდენად პროდიქტიული ვეღარ არის. ლუის ენრიკე 7 ახალგაზრდას გამოყოფდა – კამარას, გუმაუს, აიტორს, კაპტოუმს, რომერას, ალენასა და სამპერს. თუმცა, საბოლოო ჯამში ვერც ერთი ვერ დაეხმარა კლუბს. რაც შეეხება ალან ჰალილოვიჩს, ის სეზონის ბოლომდე “ხიხონის” ღირსებას დაიცავს.
8. მსნ დაიღალა და ფორმიდან ამოვარდა | ლუის ენრიკემ სეზონის დსასაწყისში გუნდის შემტევ ტრიოს ისტორიის საუკეთესოთა სტატუსი უბოძა. იმ დროს რთული იყო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი შეიცვალა, ვერც ნეიმარი, ვერც მესი და ვერც სუარესი ვეღარ გრძნობენ თავს ისე ახლებურად, როგორც ეს ადრე იყო, რაც გადაღლილობას უნდა დაბრალდეს.
9. ბართომეუ არ არის კრიზისების მართვისთვის შექმნილი | გასულ ზაფხულში პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, ბართომეუმ არც თუ ისე ბევრი ღონისძიება განახორციელა. კატალონიელთა შეფმა გუნდისთვის ძალზედ საჭირო ფეხბურთელის, ნოლიტოს გადაბარგება ვერ მოახერხა, ამასთანავე ჯერჯერობით არც ნეიმარის მომავალია გადაწყვეტილი. ტრიპლეტის მოგების შემდეგ მას არცერთი ძირეული ცვლილება არ განუხორციელებია. მას დიდად გაუმართლა, რომ არჩევნები ტრიპლეტის მოგებიდან ცოტა ხანში ჩატარდა.
10. უაზრო მესიჯები ლუის ენრიკესგან | ძალზედ უცნაურია, რომ მწვრთნელი ნახევარდაცვაში რაფინიასა და არდა თურანს აყენებს, ამ განცხადების შემდეგ – “ანოეტაზე” გასამართი მატჩი მიმდინარე სეზონში ყველაზე რთული იქნება”. “ბარსას” ბოსი MSN-ის როტაციაში ჩართვასაც ვერ ახერხებს, ამასთანავე არც მის მიერ განხორციელებული ცვლილებები გამომდგარა გადამწყვეტი. ყველაფერი მის წინააღმდეგ წავა, თუ “ბლაუგრანას” მიმდინარე სეზონში ფეხი დაუცდება.