გია გეგუჩაძე: “ეს დამატებითი მოტივაციაა კანდიდატებისთვის”
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ნაკრების კანდიდატები შეკრიბა და ერთჯერადი ვარჯიში ჩაატარა. წვრთნაში უმაღლესი ლიგის კლუბებიდან მოწვეული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
ერთდღიან შეკრებას ბოლო მომენტში ტრავმების გამო გამოაკლდნენ ირაკლი კომახიძე, ზურაბ მალანია და ილია კერძევაძე. სამაგიეროდ, თავდაპირველ სიას თორნიკე კირკიტაძე და დავით ვოლკოვი დაემატნენ. მომდევნო ვარჯიშს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კანდიდატები 26 აპრილს ჩაატარებენ და ამ შეკრებაზე უკვე საქართველოს თასის ნახევარფინალისტი კლუბებიდანაც იქნებიან ფეხბურთელები.
გია გეგუჩაძე: “ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კანდიდატები შევკრიბეთ. მართალია, ამ ბიჭებზე ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში გვაქვს, მაგრამ ერთია, როგორ თამაშობენ ისინი კლუბებში და მეორეა, როგორ წარმოაჩენენ თავს ნაკრებში. მინდა, ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც აქვს ეს შანსი, დავაკვირდეთ და უკეთ შევისწავლოთ. მსგავსი შეკრებები მომავალშიც გაგრძელდება და რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. მათთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს, რომ სულ ჩვენი თვალთახედვის არეში არიან”.
სფფ-ის პრესსამსახური