“გურიადან” ლეგიონერები გაიპარნენ
ლანჩხუთის “გურიადან” ლეგიონერები გაპიარნენ. ამასთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:
“გუშინ და დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, თვითნებურად კლუბი დატოვა ოთხმა ლეგიონერმა, რომელთაგან ორი იყო ძირითადი მოთამაშე.
ისინი ვარჯიშობდნენ გრიგოლეთის ბაზაზე და ცხოვრობდნენ ბათუმში.
რამდენიმე დღის წინ, ისინი არ გამოცხადდნენ ვარჯიშზე. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი გადაფრინდნენ სტამბულში.
“გურიას” გასტუმრებული აქვთ მათი სახელფასო-საპრემიო ვალდებულებები და არც ერთის მიმართ არ გააჩნია დავალიანება.
კლუბს ოთხივე ლეგიონერთან აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი, ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტაციას ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად, რათა მათ მიმართ გატარდეს სადისციპლინო ზომები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ზემონახსენები უპასუხისმგებლო მოქცევა ვერ იმოქმედებს კლუბის საწვრთნელ პროცესზე და “გურია” ღირსეულად წარდგება დარჩენილ შეხვედრებში”.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურში “გურია” “ცხინვალს” ეთამაშება. მატჩი ხვალ ჩატარდება. კლუბი დამდეგი შეხვედრისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება.