მარადონა: “კულიბალი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო, “რეალში” ან “ბარსაში” ითამაშებდა”
“ნაპოლისა” და არგენტინის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა დარწმუნებულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნეაპოლიტანელები გონსალო იგუაინს გაყიდიან.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის თავდამსხმელი იტალიის სერია A-ს ბომბარდირთა დავას 30 გატანილი გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარ პაულო დიბალას 14 ბურთით უსწრებს.
“მე სიტუაციას გარედან ვაკვირდები, თუმცა ვფიქრობ, რომ “ნაპოლი” იგუაინს გაყიდის, რათა დიდძალი ფული მიიღოს. გონსალოს ასეთი სეზონი აღარ ექნება. იგი თითქმის ყველა მატჩში იტანს, უკვე 30 გოლი მოუგროვდა. ვიცი, რა კაციცაა “ნაპოლის” პრეზიდენტი და ვფიქრობ, რომ იგი იგუაინს გაყიდის.
კიდევ ერთ რამეს გეტყვით: კალიდუ კულიბალი ფენომენალური ფეხბურთელია. იგი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო, “რეალში” ან “ბარსელონაში” ითამაშებდა”, – განაცხადა მარადონამ Piùenne-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში კალიდუ კულიბალიმ 30 მატჩი ჩაატარა და 11 ყვითელი ბარათი მიიღო.